Skip to main content

Author: irakligagua

შაბათი, 2 მაისი 2009 წ.

ჩვენ თითქმის ყველამ ვიცით „მამაო ჩვენო“ და თითქმის ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ამ ლოცვას ამბობს დღეში რამდენიმეჯერ. ძირითადი ფაბულა ამ ლოცვისა, (როგორც ყველა ლოცვისა), მარტივად რომ ვთქვათ, არის ღვთის დიდებისმეტყველება და ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი… მაგრამ გარდა ამისა ამ ლოცვაში არის ჩვენი დაპირება და ვალდებულება როგორც ღვთისადმი ასევე ადამიანებისადმი…. „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“… ამ სიტყვებით, ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ ჩვენც ისევე მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენნი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენ შემცოდეებსო, ანუ ერთგვარ ხელშეკრულებას ვდებთ ჩვენ ღმერთთან ამ სიტყვებით. და ეს ყველა კეთილგონიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს და ცდილობდეს იყოს მიმტევებელი, მოწყალე და არა შუღლისმოყვარე. უფალი ამბობს: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი(მათე6,14)ო, ანუ ჩვენი ცოდვათა მიტევება უფალმა ჩვენზე გახადა დამოკიდებული…

Adventure, New Zealand, Ocean, Storie, Surfing, Trip

Continue reading

25 აპრილი 2009 წ. ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი

გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს!!! „ესე არს დღე რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“. . . „ესე არს დღე“ გამოხსნისა წყევისაგან , ჯოჯოხეთისაგან და სიკვდილისაგან და „ესე არს დღე“ დიდი წყალობისა, სიცოცხლისა და სიყვარულისა, რომელიც ჩვენ დაგვიბრუნდა, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მიერ…

მაქვს პატივი და სიხარული მოგილოცოთ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, ჩვენი უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ი ლ ი ა მეორის სახელით, და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით!!! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მადლი და სიხარული იყოს თქვენზე და თქვენს ოჯახებზე!!!

გილოცავთ, ასევე, ლოს ანჟელესში მცხოვრები ქართველი მრევლის სახელით. ჩვენ ვმადლობთ ღმერთს, რომ ღირსგვყო უფალმა კალიფორნიაში პირველად, ქართულ ენაზე ჩაგვეტარებინა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება. სააღდგომო ლიტანიობით სვლა ტაძრის ირგვლივ ვერ მოვახერხეთ, რადგანაც ტაძრის მდებარეობამ არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ უფალმა უკეთესად მოაწყო ჩვენი სააღდგომო ლიტანიობა. . . ჩვენი მომავალი ტაძრისთვის განკუთვნილი, წმ. ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხი ოდიკი (ოდიკი არის ის, რაზეც ძღვენი იკურთხება და რის გარაშეც ეკლესია არ არსებობს) გავახვიეთ ქართულ დროშაში, დავდეთ პატარა მაგიდაზე და ზედ, ჩვენი უწმინდესის მიერ ნაჩუქარი, პატარა ხის ტაძარი დავდგით სამ ანთებულ სანთელთან ერთად, და სიმბოლურად ჩვენს საკუთარ ტაძარს შემოვუარეთ წრე სააღდგომო ლიტანიობით… იმედი გვაქვს, რომ შემდეგი სააღდგომო ლიტანიობისათვის ჩვენ გვექნება ჩვენი ნამდვილი ტაძარი – შენობა და მომავალ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას უფრო დიდი სიხარულით ვიდღესასწაულებთ!!!

მოგეხსენებათ, აღურაცხელია და განუზომელია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის სიდიადე და მნიშვნელობა, და რადგანაც ერთი დღე ვეღარ იტევდა აღდგომის დღესასწაულის სიხარულსა და მადლს, წმ. ეკლესიამ დააწესა აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად არა ერთი დღე, არამედ რამდენიმე დღე, რომელსაც ბრწყინვალე შვიდეული უწოდა და რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ახლა. გარდა ამისა, წელიწადის ყოველ კვირა დღეს ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს, რადგან ყოველი კვირა დღე, სახეა და სიმბოლოა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა… და ჩვენც მორწუნენი, ვცხოვრობთ რა ეკლესიურად, ყოველი დღე კვირა დღის მოლოდინში ვართ ხოლმე სულმოუთქმელად, რათა თანაზიარნი და თანაგანმცდელნი ვიყოთ იმ დიდი სიხარულისა და სიყვარულისა, რომელი სიხარული და სიყვარულიც ქრისტემ თავისი ბრწყინვალე აღდგომით კაცობრიობას 20 საუკუნის წინ მოანიჭა….

წმ. მამები ამბობენ, რომ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი არის გვირგვინი ყველა დღესასწაულისა, ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული. თავისი სიდიადით ის შეიძლება გაუსწორდეს შესაქმის დღესასწაულს – ამ სამყაროს შექმნის დღეთა საასწაულს, თუმცა კი, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, თავის ერთერთ სიტყვაში მათ მიმართ, „ვისაც აღდგომისა არა სწამს“, შექმნა გაცილებით უფრო საკვირველი და მიუწვდომელია ვიდრე აღდგომა, რადგან „არ არის ერთი და იგივე – აანთო ჩამქრალი სანთელი და გააჩაღო არასდროს არსებული ცეცხლი“.

მართლაც, ამ სამყაროში ძე ღვთისას განკაცებამდე, ჩამქრალი იყო სანთელი კაცობრიობისათვის და სიბნელეში, ჯოჯოხეთი ნთქავდა კეთილსაც და ბოროტსაც. ჩვენი მაცხოვრის იესუ ქრისტეს მოსვლით და ბრწყინვალე აღდგომით კი ნათელი აღმოუბრწყინდა მთელ სამყაროს „ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ“(მათე4,16)… ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, დაცარიელდა ჯოჯოხეთი, სიკვდილი მოიკლა და გამოხსნილია ადამი ტყვეობისაგან… ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, კაცობრიობას სიცოცხლე დაუბრუნდა ღმერთში… და მისი მეშვეობით, ჩვენ „მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა“… ამინ!!!

… და დღეს, თუ კი, ვინმეს უჭირს, ქრისტეს აღდგომის სასწაულის დაჯერება, მაშინ იქნებ, დაფიქრდეს კიდევ ერთხელაც იმაზე თუ, როგორ წარმოიქმნა ცა, ვარსკვლავები, მზე, მთვარე, მიწა და წყალი … დაფიქრდეს იმაზე თუ, როგორი წესრიგითაა მოწყობილი ეს სამყარო… და აღარ გაუჭირდება ქრისტეს აღდგომის სასწაულის დაჯერებაც და მასთან ერთად ჩვენი სამომავლო აღდგომის დაჯერებაც… როგორც ხორბლის მარცვალი ითესება მიწაში ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით… ასევე იქნება სამომავლოდ ადამიანთა აღდგომაც… ეხლა „ითესება სხეული მშვინვიერი“ ხოლო მომავალში კი „აღდგება სხეული სულიერი“ … და როგორც წმ. ეფრემ ასური ამბობს, მაშინ ყველანი მიიღებენ სხეულს თავიანთი საქმეების შესაბამისად. მართალთა სხეული მზის ნათელზე შვიდგზის უფრო მეტად იბრწყინებს, ხოლო ცოდვილთა სხეული კი ბნელი და სიმყრალით სავსე იქნება. ყოველი ადამიანის სხეული თავის საქმეებს გამოაჩინებს, კეთილი კეთილს, ხოლო ბოროტი ბოროტს, რადგან ყოველი ჩვენთაგანი თავის საქმეებს თავისი სხეულით ატარებს. შევთხოვოთ უფალს, რომ ოდეს მოვა თავისი დიდებით, მოგვიხსენოს, მოწყალე გვექმნას და ღირსგვყოს ჩვენ წმინდათა თანა მკვიდრობა…

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი იყავნ თქუენ ყოველთა თანა!!!

ამინ!!!

ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

ქრისტე აღდგა!!!
ჭეშმარიტად!!!

ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
25 აპრილი ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი,
სან ფრანცისკო, კოლმა, წმ. იოანე ნათლისმცემლის
სერბული ტაძარი. 2009 წელი. ამ დღეს პირველად აღესრულა წირვა კალიფორნიაში ქართულ ოდიკზე.

Adventure, New Zealand, Ocean, Storie, Trip, Whales

19 აპრილი 2009 წელი, ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

განუზომელია მორწმუნე ადამიანისათვის აღდგომის სიხარული, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ჯოჯოხეთი დაემხო, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და აღარ უფლობს სიკვდილი ადამიანზე, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიცოცხლე დაგვიბრუნდა… „სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი… სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი …?

Adventure, Hiking, Mountains, New Zealand, Storie, Trip

Continue reading

8 აპრილი 2009 წელი, დიდმარხვის მე-6 კვირა

ყოველი გათენებული დღე არის სასწაული და წყალობა ღვთისა ადამიანისათვის მომადლებული, ყოველი დღე, ჩვენ, შეგვაგრძნობინებს სიცოცხლის სულს და სუნთქვას, მოგვითხრობს ღვთის საქმეებისა და ქმნილებათა შესახებ, არ არსებობს დღე სიახლის გარეშე.

Andes, Chile, South America, Storie

Continue reading

4 აპრილი, ღვთისმსობლის დაუჯდომლის შაბათი

გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის , ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტ დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,წყალობაი თქუენთანა და მშვიდობაი და სიყვარული განმრავლდინ!“

Adventure, Europe, Ireland, Storie

Continue reading