Skip to main content

შაბათი, 2 მაისი 2009 წ.

ჩვენ თითქმის ყველამ ვიცით „მამაო ჩვენო“ და თითქმის ყოველი მორწმუნე ქრისტიანი ამ ლოცვას ამბობს დღეში რამდენიმეჯერ. ძირითადი ფაბულა ამ ლოცვისა, (როგორც ყველა ლოცვისა), მარტივად რომ ვთქვათ, არის ღვთის დიდებისმეტყველება და ჩვენი სათხოვარი ღვთისადმი… მაგრამ გარდა ამისა ამ ლოცვაში არის ჩვენი დაპირება და ვალდებულება როგორც ღვთისადმი ასევე ადამიანებისადმი…. „და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“… ამ სიტყვებით, ჩვენ ღმერთს ვეუბნებით, რომ ჩვენც ისევე მოგვიტევე შეცოდებანი ჩვენნი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენ შემცოდეებსო, ანუ ერთგვარ ხელშეკრულებას ვდებთ ჩვენ ღმერთთან ამ სიტყვებით. და ეს ყველა კეთილგონიერ ადამიანს უნდა ახსოვდეს და ცდილობდეს იყოს მიმტევებელი, მოწყალე და არა შუღლისმოყვარე. უფალი ამბობს: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი(მათე6,14)ო, ანუ ჩვენი ცოდვათა მიტევება უფალმა ჩვენზე გახადა დამოკიდებული…

მიტევება არის, იმ სათნოებათა ჯაჭვის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, რომლის თავშიც სიმდაბლეა ამაღლებული. მიმტევებლობა არის დიდსულოვან და ძლიერ ადამიანთა თვისება, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ფლობს მას ძალუძს იყოს მიმტევებელი და მოწყალე… მიტევება დასაბამია შერიგებისა, მშვიდობისა, ურთიერთგაგებისა და უმეტესი სიყვარულისა… თქვენ იცით რომ ჩვენმა პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ი ლ ი ა მეორემ 28 აპრილი მიტევების დღედ გამოაცხადა და ამით მოგვიწოდა ყველას შერიგებისაკენ, ერთმანეთის სიყვარულისაკენ და განახლებული სიყვარულისმიერი ერთობისაკენ… დღეს საქართველოს ყველაზე მეტად ერთობა სჭირდება და ეს ერთობა ამ შემთხვევაში გადის ჩვენი „მე“ს ცოტათი უკან დახევის გზაზე, მიმტევებლობაზე, მოთმინებაზე და ჩვენს ნებისყოფაზე…

როდესაც სიყვარულისმიერი, ლოცვითი თანხმობაა ჩვენს შორის, ღმერთი ჩვენთანაა, და ჩვენი გულები სიხარულით არის სავსე, მაგრამ სამწუხაროდ თუ ჩვენდა სასიკეთოდ, ეს არ არის ჩვენი მუდმივი სულიერი მდგომარეობა, რადგან ცვალებადია ადამიანი და ვერ ინარჩუნებს მუდმივად თავის გულში სიხარულსა და მშვიდობას, რადგან მის შინაგან სამყაროში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოძრაობებია… და ასევეა ეს საზოგადოებაშიც, არ არის მუდმივი მშვიდობა და ურთიერთგაგება, რადგან ყველა ჩვენთაგანს სხვადასხვანაირად გვაქვს მოწყობილი შინაგანი სამყარო, და ამიტომაც დედამიწაზე იდეალური ერთობა და თანხმობა თითქმის არ არსებობს არცერთ საზოგადოებაში… და ეს ღვთის დაშვებით არის ასე, რათა გვახსოვდეს, რომ იდეალური ერთობა და მარადიული სიხარული მხოლოდ ღმერთთანაა ზეცაში…

აქ კი არის ჩვენი სამოღვაწეო ადგილი, ეს არის ის ასპარეზი, სადაც ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ოფლი ვღვაროთ სიყვარულში ერთობისათვის. ქრისტიანი ადამიანისათვის შრომა პირველ რიგში შინაგანი სულიერი საქმეა და გარკვეულწილად ტანჯვასთანაც არის დაკავშირებული, რადგან ხშირად მართლმორწმუნე ქრისტიანს მშვიდობისათვის, ერთობისათვის და სიყვარულის გავრცობისათვის… საკუთარი „მე“ს უარყოფა უწევს, მოთმინება უწევს, შეურაცხყოფის დათმენა უწევს და ა.შ… გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები : “სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, …. … ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს….“ მაგალითად, ვინმემ გული გატკინა ან შეურაცხყოფა მოგაყენა, შენ კი ძალიან გინდა რომ სამაგიერო მიუზღა, შური იძიო, მაგრამ არ მიუზღავ ბოროტს და არ იძიებ შურს მასზე, ესეც შეიძლება ითქვას, რომ ტანჯვაა და შრომაა – საკუთარი თითქოსდა ლოგიკური, აგრესიული პასუხის არ გაცემა მოწინააღმდეგისათვის. სხვათაშორის, ძველბერძნულად შრომა და ტანჯვა ერთნაირად იწერებოდა, რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ ტანჯვაც გარკვეულწილად ღვაწლთან და შრომასთან იყო გაიგივებული. მაგრამ ნუთუ მართლა ასეთი ძნელია მიტევება და პატიება? ნუთუ მართლა ტანჯვაა მიუტევო ადამიანს ცოდვა? თუ კი ვიცით, რომ არაფერი ისე არ გვამსგავსებს ღმერთს, როგორც ის, როცა ჩვენ ბოროტ ადამიანებს და ჩვენს შემაწუხებლებს შევუნდობთ…

ჩვენ ვიცით, რომ ეს თვისება ყოვლადძლიერი ღმერთის ერთერთი თვისებათაგანია, რომელმა თვისებამაც შეარიგა ღმერთთან ადამიანი, და განა კარგი არ იქნებოდა ეს საღვთო თვისება ჩვენც რომ შეგვეძინა და გავძლიერებულიყავით ამაში? გავიხსენოთ, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჯვარცმული, როდესაც იგი ჯვარმცმელებზე ლოცულობდა და კაცობრივი ბუნებით ღმერთს ევედრებოდა, რათა მიეტევებინა თავისი ჯვარმცმელებისთვის ეს საშინელი ცოდვა… ნუთუ ღმერთს არ შეეძლო ეს ჯალათები იქვე მოესპო? მაგრამ მან თავისი კაცთმოყვარებით , დაუტოვა მათ შესაძლებლობა გადარჩენისა და მან მოუსპო მათ ბოროტების მიზეზი … თქვენ იცით, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, რომ ერთერთმა მხედართაგანმა, რომელმაც ლახვრით უგმირა ქრისტეს გვერდში, ჭრილობიდან გარდამოსული სისხლითა და წყლით სნეული თვალის კურნება მიიღო. შემდგომში ეს მხედარი – სახელად ლონგინოზი , წმინდანთა დასში ჩაეწერა და დღეს ეკლესია მასზე ლოცულობს. ასე რომ მიტევება არის აუცილებელი თვისება რომელიც უნდა გააჩნდეს ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ეს არის პირობა ჩვენი გადარჩენისა, ჩვენს მიმართ ღვთის მოწყალების გამოვლენისა და ჩვენი განღმრთობისა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, ერთმანეთთან დიალოგისას, რომ უმეტესად გამოვნახოთ ის მხარეები და ის საკითხები, რომელებიც უფრო გვაერთიანებს და გვაკავშირებს ერთმანეთს და არა პირიქით – გვაშორებს.

ღმერთმა მოგვცეს ერთობის სული ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულში!!!

ამინ!!!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე.
შაბათი, 2 მაისი 2009 წელი,ჰანტინგტონ ბიჩი.

Adventure, New Zealand, Ocean, Storie, Surfing, Trip

Leave a Reply