სან ფრანცისკოს მრევლს
გლოცავთ და მოგიკითხავთ სიყვარულით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისაგან და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველის, მიტროპოლიტ დიმიტრისაგან… მშვიდობა და ერთობა გქონოდეთ ქრისტეში!!!
თითქმის ერთ თვეზე მეტია, რაც სან ფრანცისკოში ვარ, და აღსავსე ვარ თქვენი სიყვარულით და სითბოთი. ვმადლობ და ვადიდებ უფალს, რადგან ეს სიყვარული რასაც თქვენ გასცემთ, ვგრძნობ რომ უფლისგან გაქვთ… გმადლობთ და გაკურთხევთ ღვთის სიკეთეში, რადგან გულწრფელები ხართ სიყვარულში. . . ვმადლობ თქვენს მოძღვრებს ქრისტეში, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, ლოცულობენ თქვენზე და რომელთაც დიდი სულიერი ამაგი აქვთ თქვენზე. ადრე, როდესაც წავიკითხე სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები, იმის შესახებ, რომ ყველას, ვინც კი მიატოვებდა სახლს, ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან შვილებს, ან ყანებს ღვთის სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებდა და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებდა… ვიფიქრე, რომ მხოლოდ იმ ქვეყნიური დაპირება იყო მაცხოვრისა, მაგრამ დღეს ვხედავ, მჯერა და „მრწამს მე ხილვაი კეთილისა ქუეყანასა მას ცხოველთასა“(ფსალმ.26), რადგან უფალმა მე თქვენი შვილობა და სიყვარული მომმადლა ქრისტეში, ეკლესიაში, ამ ქვეყანაზე… რაც ძალიან მახარებს, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობის გრძნობას მმატებს, რომელიც მიბიძგებს, მუდამ ფხიზლად და ყურადღებით ყოფნისკენ, რადგან მახსოვს თავთა მოციქულთა, წმიდათა, პეტრესა და პავლეს შეგონებანი, რომელნიც აფრთხილებენ ღვთისაგან დადგინებულ მღვდლებს და მოუწოდებენ, რომ მწყემსონ მათთვის მობარებული ღმრთის სამწყსო და მიხედონ მათ, არა იძულებით, არამედ ნებსით, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით (1 პეტრ. 5, 1-2). და გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის მცველებადაც დადგენილ იქმნენ სულიწმიდისმიერ, რათა მწყემსავდენ ღმერთის ეკლესიას პატიოსნებით . (საქმე 20, 28) … რათა მუდამ ახსოვდეთ, რომ „მწყემსმან კეთილმან სული თვისი“ უნდა დადვას საკუთარი ცხვრებისათვის, ანუ უნდა ახსოვდეთ ის, რომ მღვდელმსახურმა თავიც კი უნდა გასწიროს, თუ საჭიროება მოითხოვს, საკუთარი სულიერი შვილებისთვის… ყოველი თქვენთაგანი განსაკუთრებული და განსხვავებულია ერთმანეთისაგან, მაგრამ ყველა თქვენთაგანს ერთნაირად გიბრწყინავთ ხოლმე თვალები, როდესაც სიკეთეს აკეთებთ, რაც იმას ნიშნავს რომ უფალი თქვენთანაა ამ დროს… და ამიტომაც, ხშირად, მე ვერ უსწორებ ხოლმე თვალს თქვენს გაკეთებულ სიკეთეს, რადგან უფლის დიდ წყალობას და სიყვარულს ვხედავ, ჩემს უღირსობაზე მოწევნულს, და მადლიერების გრძნობისგან ცრემლი მადგება… ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ მის სიკეთეში და სიყვარულში!
როგორც იცით, სულ მალე, მივემგზავრები ლოს ანჟელესში, ქართველებთან, თქვენს დებთან და ძმებთან შესახვედრად და წირვა-ლოცვების აღსავლენად. თუ რამდენ ხანს გავჩერდები იქ, ზუსტად არვიცი. მახარებს მათი, ეკლესიის გახსნის საკითხთან დაკავშირებული, აქტიურობა და მოუთმენლად ველი შეხვედრას მათთან. თქვენ კი, ისევე როგორც ლოს ანჟელესის ქართველობას, მოგიწოდებთ, რომ წმ. ნიკოლოზისადმი ილოცოთ და დედაღვთისმშობლის ხატისადმი ილოცოთ, რომელიც თქვენს ოჯახებში დაბრძანდება, რომ მალე მოგვმადლოს უფალმა საკუთარი კერა ჩვენი ეკლესიისათვის. გაუფრთხილდით ერთმანეთს და სიყვარულით მოიკითხეთ ხოლმე ერთმანეთი. ეხლა მარხვაა პეტრე-პავლობის და მინდა გთხოვოთ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმოთ ხოლმე თქვენს სულიერ საზრუნავს, ლოცვას. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ მეტი იმუშავოთ საკუთარ აღსარებაზე, რომ თქვენ აღსარებაში გულწრფელობა არ დაიკარგოს და მხოლოდ ცოდვების სახეობების აღწერად არ დარჩეს თქვენი აღსარება. გლოცავთ სიყვარულით და გეფერებით ყველას ვინც ღვთის წყალობას ითხოვთ. განსაკუთრებით მინდა დავლოცო მხევალი ღვთისა ქეთევან სირაძე, ნაყოფისშემომწირველი და კეთილისმყოფელი წმინიდისა და ყოლადპატიოსნისა ტაძრისა ჩვენისა, რომელმაც მღვდელმსახური (ჩემი სახით) შეიფარა საკუთარ სახლში ამ ხნის განმავლობაში… დიდი მადლობა და წყალობა მას! ვლოცავ და ვაკურთხებ ქავთარაძეების ოჯახს, რომელთაც სულ ახლახანს ვაჟი შეეძინათ და სახელად გიორგი დაარქვეს. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს გიორგი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა!!!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!!!
ჩვენთან არს ღმერთი!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
სან ფრანცისკო 2009 წლის 26 ივნისი