სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
“ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად” (რუსთაველი)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
ქრისტე აღდგა!
ეს სიტყვები პირველად ანგელოზმა ახარა კვირას, გამთენიისას, საფლავთან მისულ მენელსაცხებლე დედებს;
ქრისტე აღდგა!
სიხარულით გაოგნებულმა დედებმა ამცნეს მოციქულებს;
ქრისტე აღდგა!
ეს სასწაული სასწაულთ შორის მოჰფინეს მოციქულებმა მთელ მსოფლიოს; და ჩვენც, არა მიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გასაგონად ვხმობთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
– მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი ზეიმისა?
– ის, რომ სიკვდილი განქარდა და ბჭენი ჯოჯოხეთისა შეიმუსრა; რომ დამთავრდა გარდაცვლილთა მარადიული სიკვდილის ტყვეობაში ყოფნა და ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მადიდებელს ცხონების შესაძლებლობა მიეცა.
ამიტომაც ამიერიდან აღარ გვეშინია სიკვდილისა, ვიცით რა, რომ მოვალს ჟამი, როდესაც სხვა მართლმორწმუნე მიცვალებულთა მსგავსად ჩვენც აღვდგებით საფლავიდან, რათა აღარასოდეს მოვკვდეთ.
მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდარნი? – პავლე მოციქული მას ასე პასუხობს: `განა არ იცი უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს თუკი არ მოკვდა? ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი (1 გალატ. 15, 35-36, 42-44).
ასე რომ, აღდგომის დღესასწაული ნათელი დადასტურებაა მომავალში ჩვენი მკვდრეთით აღდგომისაც და განღმრთობისაც.
უნდა ვიცოდეთ, რომ მართალთა სულების სავანეს ეწოდება ზეციური ანუ მოზეიმე ეკლესია, ხოლო დედამიწაზე არსებულ მართლმადიდებელ მორწმუნეთა კრებულს – მებრძოლი ეკლესია.
მოზეიმე და მებრძოლი ეკლესია, ეს არის ორი ნაწილი ქრისტეს ერთიანი სხეულისა, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამასთან, მისი ღვთაებრივი მადლით არის მოცული და გაერთიანებული.
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლომდგომი და მთელი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი შუამდგომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ბედნიერია ჩვენი ერი, რომ საქართველო მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. სასუფეველი ღვთისა იიძულების, – გვასწავლის მაცხოვარი; ამიტომაცაა, რომ ადამიანის სურვილს და მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; ასე იყო ეს ყოველთვის.
გავიხსენოთ, ორმოცი წელი დასჭირდა ებრაელ ერს აღთქმულ ქვეყანამდე მისვლისათვის, თუმცა მათ ღმერთთან მოლაპარაკე მოსე და სიწმინდით შემოსილი აარონი წინამძღვრობდნენ.
დიახ, შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერც უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე დაემკვიდრა ძველი აღთქმის ისრაელი და ვერც სასუფეველს მოიპოვებს ახალი აღთქმის ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს იგი.
ჩვენ ვამბობთ: ჩვენთან არს ღმერთი და ეს ჭეშმარიტად ასეა, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენც ვიყოთ ღმერთთან, საჭიროა სწორად ცხოვრება. ჩვენ ვამბობთ: ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია, მაგრამ ეს წილხვდომილობა რომ ჩვენს დროშიც გამოვლინდეს, საჭიროა შესაბამისი სულიერი ნაბიჯების გადადგმა.
ებრაელებიც ამაყობდნენ და მაცხოვრის წინაშეც იქადოდნენ, რომ აბრაამის შთამომავალნი იყვნენ. იესო ქრისტემ კი უპასუხა, რომ აბრაამის და წინასწარმეტყველთა შვილობა მათი საქმეების აღსრულებაში, ანუ სწორად ცხოვრებაში მდგომარეობს და არა მხოლოდ გენეტიკურ ნათესაობაში, რადგან ამ წინასწარმეტყველთა მკვლელებიც აბრაამის შთამომავალნი იყვნენ.
როგორ უნდა მივხვდეთ, სწორად ვცხოვრობთ თუ არა? ადამიანს უნდა ქონდეს რეალური შეგრძნება იმისა, რომ ის არის მართალი სამშობლოს, მოყვასისა და თვით თავისი მტრების წინაშეც;
რაც შეეხება ღმერთთან დამოკიდებულებას, უფალთან მიმართებაში მართალი საერთოდ არავინაა, რადგან ცოდვისგან თავისუფალნი არც წმინდანებია; ესა თუ ის პიროვნება ოდენ ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით განმართლდება. დიახ, მხოლოდ გულწრფელი სინანულითა და აღსარებით შევძლებთ, აღვხოცოთ ჩვენი შეცოდებანი და მივაღწიოთ იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: `ნეტარ არს რომელსა არა შეერაცხა ცოდვები~ (ფს).
უფალთან ჩვენი დამოკიდებულება, მართალია, ინდივიდუალურია, მაგრამ საზოგადოებისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და კვლავაც აქვს ხელისუფალთა რწმენას ან ურწმუნოებას.
ამის მაგალითად ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი რთული მონაკვეთი მინდა შეგახსენოთ, კერძოდ, XVII საუკუნე, როცა ერთმანეთის ახლო ნათესავი ორი ქართველი მეფე, – როსტომ ხანი და თეიმურაზ I, – მოღვაწეობდნენ.
როსტომმა ქრისტიანობა უარჰყო; თავის გარშემოც ასეთნი შემოიკრიბა და უზნეოდ მცხოვრებს სურდა, ხალხიც მასავით გადაგვარებულიყო. მის დროს `გამრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და დედათა თანა-აღრევა…~ ამასთან, ვინც ასე იქცეოდა, მეფისგან დაფასებული იყო, ხოლო სიმართლისმომქმედნი, ცოდვისმოძულენი და წრფელნი გულითა, იჩაგრებოდნენ (ქართლის ცხოვრება).
როსტომ ხანის 26 წლიანმა ბატონობამ ქვეყანა სულიერი დაღუპვის პირამდე მიიყვანა, მაგრამ ერმა დაძლია ეს განსაცდელი. ამისი ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი ისიც იყო, რომ ამავე პერიოდში მეფობდა თეიმურაზ I, რომელმაც საოცარი ცხოვრება განვლო.
ღვთისა და ქვეყნის ერთგულებისთვის მას შაჰ-აბასმა წამებით მოუკლა დედა, – დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, ორი მცირეწლოვანი ყმაწვილი და ქალიშვილი, ხოლო მესამე ვაჟი, დავითი, სამშობლოსთვის ომს შეეწირა. მტერთაგან შევიწროვებულ თეიმურაზს რამდენჯერმე მოუწია თავისი სამეფოს დატოვება, მაგრამ მარცხს არასოდეს ურიგდებოდა; პირველივე შესაძლებლობისამებრ ბრუნდებოდა და განახლებული ძალით განაგრძობდა სიტყვით და საქმით ქვეყნის მსახურებას.
ჭარმაგი მეფე 71 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. რჯულის მტკიცე დამცველს ბოლო გამოცდის ჩაბარება სპარსეთში მოუწია, სადაც ქრისტეს აღმსარებლობისათვის შეიპყრეს და ციხეში დაატყვევეს. აქ იგი მალევე გარდაიცვალა.
რწმენისა და მამულისადმი ერთგულებით, ვაჟკაცობითა და სიმტკიცით იგი ღვთისთვის და ეროვნული მეობისათვის გაუტეხელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ამ თვისებების გამო მას სანიმუშო მაგალითად მიიჩნევდა არა მარტო მისი ერთგული ხალხი, არამედ შინაური თუ გარეშე მტერიც. `თათრებსაც ბევრსა ერწმუნა, მივლენ უნთებენ სანთელსა. . . მისებრი სახელოვანი დედამ სხვა ვერავინ შობოსა~, – წერს არჩილ მეფე.
წარსული იმიტომ გავიხსენეთ, რომ იგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელილ და მომავალი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.
ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანის სწორი დამოკიდებულება სამშობლოსადმი.
თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს გააკეთოს მაქსიმუმი იმისა, რისი პასუხისმგებლობაც მას აკისრია. ესაა მისი მსახურება ქვეყნისადმი. ყველაზე მეტი უფლებები და პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ხელისუფალთ აქვთ. მათ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად მოეთხოვებათ სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება. შემდეგ კი – ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, რაც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, განათლების ხელშეწყობას და სხვა.
ქვეყნის კეთილდღეობა დიდად არის დამოკიდებული მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობაზეც. ჩვენ მათთან, აუცილებლად, უნდა გავაღრმავოთ კავშირი, რის წინაპირობადაც უნდა იქცეს კულტურათა შორის დიალოგი; ერთმანეთის სულიერი, მეცნიერული და მატერიალური ფასეულობების წარმოჩენა ხელს შეუწყობს ჩვენს შორის არსებული სხვა საკითხების გადაწყვეტასაც.
საერთოდ, სახელმწიფო უნდა განვითარდეს და მისი იდეოლოგიის განმსაზღვრელი უნდა იყოს არა გარე გეო-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ ეროვნული ინტერესები. ამ ინტერესებს უმნიშვნელოვანესად უნდა მიიჩნევდეს როგორც ხელისუფლება, ისე პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. იგივე ითქმის ჩვენს თითოეულ მოქალაქეზეც.
ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა.
ზემოთჩამოთვლილ ინსტიტუტებში ეროვნული მიმართულების გაძლიერებისათვის კი საჭიროა ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოება და შეძლებული საშუალო ფენის შექმნა.
სამწუხაროდ კი, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საარსებო მინიმუმზე და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს; არადა საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკის და, მითუმეტეს, მცირე და საშუალო ბიზნესის აღორძინებისათვის. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშავებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით.
გვინდა ხელისუფლებას ერთი წინადადებაც შევთავაზოთ: მოგეხსენებათ, მსოფლიო გლობალური კრიზისი საკმაოდ მწვავედ შეეხო ქართულ ბიზნესს და საერთოდ მოსახლეობას. ბუნებრივია, აუცილებელია, ქმედითი ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ სამუშაო ადგილების შემდგომი შემცირებისა. 2009 წლიდან სახელმწიფოს მიერ გადასახადების კლებისკენ გადადგმული ნაბიჯი კარგი ფაქტი იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მომქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქცია-საურავებისაგან.
რა თქმა უნდა, თუ ეს ნაბიჯი განხორციელდა, იგი სერიოზულად შეამსუბუქებს როგორც მეწარმეების, ასევე მოქალაქეების საგადასახადო ტვირთს და წაახალისებს მათ ეკონომიკურ აქტივობას.
საერთოდ კი, რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, სულით არ უნდა დავეცეთ და სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან ცალკეულ პიროვნებებსაც და ერსაც განსაცდელი ან რწმენაში განსამტკიცებლად ეძლევა, ან მცდარი გზიდან მოქცევისათვის.
ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი უმეტეს შემთხვევაში სწორედ მეორე მიზეზით იყო ხოლმე განპირობებული. ეს დღესაც ასეა. ბუნებრივია, პრობლემებიდან თავის დაღწევის საშუალებაც ჩვენს ხელთაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომაც ყველამ თავისი წილი შეცდომებისა უნდა გამოასწოროს.
მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: `ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ~ (მათე 7.12).
რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი! ეს სიტყვები ყოველთვის გახსოვდეთ და ცხოვრების წესად გქონდეთ. უნდა ვეცადოთ იმასაც, რომ არ ვიყოთ გულგრილნი სხვათა მიმართ გამოჩენილი უსამართლობისადმი და დავიცვათ ტყუილუბრალოდ დაჩაგრული ადამიანი.
რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს: პირველი – შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, – `კბილი კბილისა წილ~ და ახალი აღთქმისთვის მიუღებელია); მეორე – მოყენებული გულისტკივილისათვის სამაგიეროს არ მიაგებ, მაგრამ შინაგანად მრისხანებ; მესამე – დამცირებას უდრტვინველად იტან; მეოთხე – შენს მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღიქვამ, როგორც შენს სხვა ცოდვათა გამოსასყიდს, მადლიერი ხარ უფლისა და შინაგანად ხარობ. დაფიქრდი რომელ საფეხურზე დგახარ და მიხვდები როგორი ქრისტიანი ხარ. `შეიყვარე მტერი შენი~ – გვასწავლის მაცხოვარი. ხოლო ვისთვისაც ეს სიტყვები გაუგებარი და მიუღებელია, მათ პავლე მოციქული ასე არიგებს: `ილოცე შენი მტრებისთვის და ნუ სწყევლი მათ~. ამით თქვენ მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებთ მის თავზე. ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; `ჩემია შურისგება~ – ბრძანებს იგი.
ემსგავსეთ ფუტკარს, – გვასწავლის პაისი ათონელი, – რომელიც მხოლოდ ყვავილებს ხედავს და აგროვებს სიტკბოს თაფლისთვის და არა ბუზს, რომელიც ნაგავს და ათასგვარ სიბინძურეს ეძებს და იმით იკვებება.
დიახ, სამართლის ქმნა და სიმართლის მსახურება აუცილებელი პირობაა ყოველი ქრისტიანისთვის. ღმერთი სიმართლით მცხოვრებთ მადლით მოსავს, ცრუთ და თვალთმაქცთ კი – განეშორება. თუმცა ისეც ხდება, რომ სიცრუის გზით მავალნი ზოგჯერ წარმატებულნი ჩანან; მაგრამ არ დაბრკოლდეთ, ეს დროებითია; სიმართლე ბოლოს მაინც, აუცილებლად, იზეიმებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. იცოდეთ ისიც, რომ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს და პირიქით, უბედურებამ შეიძლება კეთილდღეობაზე მეტი სიკეთე მოუტანოს კაცს. ოცწლიანი გარდამავალი პერიოდით დაღლილი, გაწამებული და გაღატაკებული ჩვენი მოსახლეობა ხშირად ჩივის: ნეტავ არ დავბადებულიყავ, როდემდე უნდა ვეწამო? სად არის სამართალი? სულ მე რატომ უნდა ვიტანჯო?. . , რაც უმძიმესი ცოდვის, – მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა და არასწორი ცხოვრებისა და აზროვნების შედეგია.
უფალი ხომ იმაზე მძიმე ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტარებაც არ ძალგვიძს. ამასთან, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ. განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია: ახალგაზრდობაც და სილამაზეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც, სიმდიდრეც და სიღარიბეც, პატივიც, თანამდებობაც და თვით სიცოცხლეც?.
ასე რომ, ნუ დარდობ და შფოთავ იმისთვის, რაც დღეს არის და ხვალ აღარ იქნება.
თუ გსურს ნამდვილი კეთილდღეობა მოიპოვო (და თანაც მარადიულად), სასუფეველი ღმრთისა უნდა ეძიო, – ანუ უფლის მცნებებით ცხოვრებას უნდა ესწრაფვო, რადგან `სასუფეველი ღმრთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა~ (რომ. 14,17), – აი, ეს უნდა დავიმახსოვროთ.
ჩემო საყვარელო შვილებო, ძენო და ასულნო ღვთისმშობლის წილხვედრი ღვთივკურთხეული ივერიისა: კახელნო და აფხაზნო, აჭარელნო და თუშნო, ლაზნო და ხევსურნო,ჰერნო და სვანნო, ოსნო და მთიელნო, მეგრელნო, გურულნო, სამაჩაბლოსა და სამცხე-ჯავახეთის მკვიდრნო, ყოველნო ჩვენნო თანამემამულენო, მაშ, შეიყვარეთ სიმართლე და მშვიდობა, განიძარცვეთ ცოდვის სამოსელი და ემსახურეთ ჭეშმარიტებას, რომ `სიმართლე იგი სჯულისაი აღესრულოს~ თქვენს შორის (რომ. 8,4).
ჯოჯოხეთის დამსხვრეულ ბჭეთა ზედა ამაღლებული და არამიწიერი ნათლით მოსილი, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი გვიხმობს, რათა მისი მადლით განმართლებულნი, ვითარცა ფინიკნი, აღვყვავდეთ და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განვმრავლდეთ.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი