პეტრე-პავლობა, 12 ივლისი 2009წ.
“თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი, პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა…..” ყველას გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!!! და მოგიკითხავთ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ი ლ ი ა მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველ მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის სახელით!!! წყალობა მშვიდობა და ცოდვათა მიტევება მოგმადლოთ მამაზეციერმა!!! უფალი მეფობს!!! უფალი მღვდლობს!!! და უფალი გვწყალობს!!!
წმ. ეკლესიამ წმიდა მოციქულებს პეტრესა და პავლეს, ღვთისადმი, მათი გამორჩეული მსახურებების გამო მოციქულთა თავები უწოდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთისაგან სრულიად გასხვავებული გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმ. პეტრე მოციქული თორმეტ მოწაფეთაგანია, რომელმაც მაცხოვრის სიტყვა თავიდანვე შეიტკბო და გაჰყვა მას, წმ. პავლე მოციქული კი ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლეა, რომელიც სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის დიდი მსახური პავლე. ეს დღესაც ასეა, ზოგიერთი თავიდანვე ბუნებით ღვთის მორჩილია, ესმის უფლის სიტყვები და მოდის პირველივე მოხმობისას ეკლესიაში, ხოლო ზოგიერთი კი თავიდანვე ურჩია, და (ღმერთმა დაიფაროს!) სანამ დიდ განსაცდელს არ შეხვდება, ან ხიფათს არ გადაეყრება, მანამ არ ესმის ღვთის სიტყვა და არ მოდის ეკლესიაში. მაშასადამე, ჩვენს წინაშეა ქრისტეში ერთნი… ორი, სრულიად განსხვავებული გზებით მოსული ადამიანი – წმ. პეტრე მოციქული და წმ. პავლე მოციქული …
წმიდა მოციქული პეტრე იგივე სვიმეონი გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო, რომელიც ასევე მეთევზეობით ირჩენდა თავს და განსაკუთრებული განათლება მას არ ჰქონდა მიღებული არსად. განკაცებული უფლის გამოჩენა მას ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან. როდესაც ქრისტემ მოუწოდა პეტრეს, იგი საოცარი სიმდაბლით ჩაუვარდა ფეხებში იესუს და მიუგო: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“.
წმინდა პავლე მოციქული (ყოფილი სავლე) კი სჯულით ფარისეველი, კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა, საერო მეცნიერებებს იგი თავიდანვე კარგად ფლობდა. იერუსალიმში იგი მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან კარგად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელიც გახლდათ. მისი მოქცევა ღვთისაკენ სხვაგვარად იყო; იგი „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“ (საქმე, 8,3). მაგრამ ერთხელაც. როდესაც იგი დამასკოში მიემგზავრებოდა, რათა ქრისტიანთა დევნა მოეწყო, უფალი გამოეცხადა მას გზაზე და იხილა ზეციდან გარდამოსული ნათელი, გაოცებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ მოესმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ (საქმე 9,3-5) ამ სასწაულებრივი მოვლენის შემდეგ წმ. პავლე მოციქულმა ქრისტეს გულისათვის ბევრი იღვაწა, იტანჯა და ბოლოს ეწამა კიდეც, რის გამოც წმ. ეკლესიამ, და რაღა თქმა უნდა უწინარესად უფალმა, იგი ღირსჰყო მოციქულთა თავად წოდებად.
სახარების ის ნაწილი, რომელიც დღეს იქნა წაკითული, მიგვანიშნებს იმაზე თუ რაოდენ დიდია, დღესაც, მოციქულთა მისია დედამიწაზე. თქვენ ვინ გგონივართ მე, ეკითხება მოციქულებს ქრისტე, არა იმიტომ რომ არ იცის მათი აზრი, არამედ იმიტომ რომ საუკუნოდ დაიბეჭდოს მოციქულთა და მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნო აღსაარება პეტრე მოციქულის სიტყვებით:„შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“… რომელ სიტყვებზეც მიუგებს მაცხოვარი:„ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,15-19) ამ სიტყვებს მაცხოვარი ეუბნება პეტრეს და გულისხმობს ყველა მოციქულს, გარდა ერთისა, რომელიც თავისივე ნებით განდგა ღვთისაგან. ამ სიტყვებით ქრისტე ღმერთი თავის ძალაუფლების ნაწილს გადასცემს ადამიანებს, მოციქულთა სახით, რაც დასტურია ღვთის უდიდესი სიყვარულისა კაცთა მოდგმისადმი. და დღეს ჩვენ ცოდვილნი ცოდვათა მიტევებას ვიღებთ რა მღვდელმსახურისაგან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ძალაუფლებაა, რომელიც ქრისტე ღმერთმა თავის დროზე მოციქულებს გადასცა, მოციქულებმა მღვდელმთავრებს გადასცეს, მღვდელმთავრებმა კი მღვდლებს…
„საკვირველ არიან საქმენნი შენნი უფალო“ და „ყოველივე სიბრძნით ჰქმენ“. . . უკანასკნელი პასექისას უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოციქულებს მიმართა: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. . . ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა იდუმალი სიჩუმე ჩამოვარდებოდა მოციქულთა შორის, მაცხოვრის ნათქვამ ამ სიტყვათა შემდეგ. … მაგრამ როგორც თითქმის, ყველგან და ყოველთვის წმ. პეტრე მოციქულმა აქაც დაარღვია ეს სიჩუმე და მიუგო ქრისტეს: ,,დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“(მთ. 26,31-34). მიუგო ქრისტემ. და მართლაც მოხდა ისე როგორც უფალმა თქვა.
მაშინ, ჩვენ ამ მოვლენას, სამჯერ უარყოფას, რომ შევსწრებოდით, გაგვიჭირდებოდა წარმოდგენა იმისა, რომ შემდეგში ეკლესია წმ. პეტრე მოციქულს სიმტკიცის კლდეს უწოდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს უკვე ჰქონდა ნათქვამი პეტრე მოციქულისადმი სასწაულებრივი სიტყვები:,,შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი“ო. წმ. პავლე მოციქულიც, იმ დროს, რომ დაგვენახა თუ როგორ დევნიდა ქრისტიანებს და ტანჯავდა მათ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეკლესია მას ქრისტეს პირსა და წარმართთა მოძღვარს უწოდებდა, მითუმეტეს მაშინ, რომ დაგვენახა, როდესაც იგი თავისი ნათესავის, წმ. სტეფანე პირველდიაკონის წამებას ესწრებოდა. ამით გვასწავლის უფალი, რომ ჩვენც არასდროს არ უნდა განვიკითხოთ არავინ, რადგან არ ვიცით ვინ როდის სად აღმოჩნდება. ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ! ამბობს უფალი, რადგან „ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად.“ … ჩვენგან განსხვავებით გულთამხილავი უფალი ხედავდა წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს შინაგან სამყაროს, რომელთა ,ხალხისათვის დაფარული და დამდაბლებული გულები სათნოიყო უფალმა და მათ უძლურებაში ძალი უფლისა სრულ იქმნა… რადგან უფლისგან არის სიმტკიცე, სიტყვაც და სარწმუნოებაც …
ვდღესასწაულობთ რა პეტრე-პავლობას, ვადიდებთ მათ ღვაწლს და ვცდილობთ რომ გავიგოთ კიდეც თუ როგორი იყო მათი ღვაწლი, მათი ქადაგებანი. როგორც ვიცით ჩვენ, მათ ქადაგება უწევდათ ჯერ კიდევ მოურწყველ ნიადაგზე. ძნელი იყო ღვთის სიტყვის ქადაგება მაშინდელ იუდეველებთან, მიუხედავად იმისა. რომ იმ დროს, ისინი სჯულის დამცველებად ითვლებოდნენ, ძნელი იყო ღვთის სიტყვის გადაცემა ასევე წარმართთათვისაც, რადგანაც თითქმის ყველა მათთაგანს გასასტიკებული და სავსე ჰქონდათ გულები თავიანთი უსულგულო წეს-ჩვეულებებით და ბოროტისეული კერპთაყვანისმცემლობებით, თითქმის აღარ იყო მათ გულებში უფლის სიყვარულის ადგილი და ამიტომაც ღვთის სიტყვის მქადაგებელ მოციქულებს ხან ქვებს ესროდნენ, სცემდნენ და ტანჯავდნენ, და ხან კიდევ ციხეებში ამწყვდევდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა მოციქულებმა მოიმოწაფეს და მოიმუშაკეს მთელი მსოფლიოს რჩეული ერი, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტი მადიდებელი ერი.
ჩვენს დროში, მოციქულებრივ ღვაწლს განაგრძობს წმ. ეკლესია, მღვდელმთავართა მოციქულებრივი მსახურებით. თუმცაღა დღეს აღარავინ ესვრის, პირდაპირი გაგებით, ქვებს მღვდელმთავრებს, რადგან ჩვენი სარწმუნოების ნიადაგი მორწყულია, ჩვენს წინაპართა, მოციქულთა, მღვდელმთავართა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა სისხლითა და ოფლით. მაგრამ დღესაც, დღევანდელ მღვდელმსახურთა გამოცდილებიდანაც მინდა გითხრათ, რომ საშინელია ღვთის სიტყვის ქადაგება ამ შემაღლებული ადგილიდან ამბიონიდან, მითუმეტეს მაშინ როდესაც გააზრებული გაქვს, რომ ღვთის სიტყვაზე უნდა ისაუბრო ღვთისავე ხალხთან, რომელნიც თავად უფალმა მოიყვანა თავის სამწყსოში, ეკლესიაში. ღმერთმა მოგვცეს კეთილგონიერება და სიბრძნე, რათა გულისყურით გავიგოთ მისი სიტყვები და შევიცნოთ საკუთარი თავი და უფალი ჩვენში ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ლოცვით, ღმერთმა მოგვცეს ცოდვათა მიტევება, სიმშვიდე სულისა და სიყვარული ერთმანეთისა!!!
მოციქულთა ლოცვით ღმერთმა გააერთიანოს და გაამთლიანოს ქრისტეს სიყვარულში ჩვენი საქართველო!!! ღმერთმა ჯანმრთელი, დღეგრძელი და გახარებული ამყოფოს ჩვენი პატრიარქი – ჩვენი სიხარული, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა!!! და ჩვენ წყალობა მოგვცეს უფალმა ჩვენი პატრიარქისა და ჩვენი მეუფე დიმიტრის ლოცვით!!!
ამინ!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).
ლოს-ანჟელესი, წმ.საბას სერბული მართლმადიდებლური ტაძარი, 12 ივლისი 2009წ.