Skip to main content

კვირა, 29 მარტი, 2009წ

გლოცავთ და მოგიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, უწმინდესისა და უნეტარესის ი ლ ი ა II –სა და ბათუმისა და ლაზეთის, ამერიკისა და კანადის სამრევლოების მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დ ი მ ი ტ რ ი ს სახელით. ,,მადლი თქუენდა და მშვიდობაი ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა! ” ამინ!

,,დიდება ღმერთს ყველაფრისათვის” ეს სიტყვები აღმოხდა წმ. იოანე ოქროპირს თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებში… და დღეს, ჩვენც, მორწმუნე ქრისტიანები ვიმეორებთ ამ სიტყვებს მადლიერებით: დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!!! რადგან მართალი უყვარს და ცოდვილსა სწყალობს, რადგან ძლიერთა სიმტკიცეა და უძლურთა ძალაა, ქვრივ-ობოლთა შემწეა და მიტოვებულთა პატრონი, რადგანMმისი წყალობა გარდაემატა მის სამართალს — ,,რამეთუ დიდ არს ზესთა ცათა შინა წყალობაი მისი და ღრუბელთამდე არს ჭეშმარიტებაი მისი”, რადგან უთვალავი და აღურაცხელია სახიერება და წყალობა მისი. დიდება! და მადლობა ღმერთს! დიდთა ქველისმოქმედებათა თვისთათვის და ყველაფრისათვის, რომელიც მოიღო ჩვენ ცოდვილთა ზედა!!!

კალიფორნიაში ქართული ეკლესიის გახსნაც, არის კიდევ ერთი დიდი კურთხევა და წყალობა ღვთისაგან,… იმედია ჩვენ სულ მალე გვექნება ჩვენი ეკლესია აქ და მოგვეცემა საშუალება უკვე ჩვენს ეკლესიაში, ჩვენივე ქართულ ენაზე ვილოცოთ და ვწიროთ ჩვენი სულების გადასარჩენათ, საქართველოს კეთილდღეობისა და ერთიანობისათვის. ……წმინდაა ყველა ის ენა, რომელ ენაშიც ღვთის სიტყვა გაისმა. ქართული ენაც, მოკრძალებულად რომ ვთქვათ მათ რიგშია. ყოველ ენაში დაფარულია ერის ერთობა, ყოველი ენა თავისი ერის სულიერი ძალის მატარებელია… და ამ ერთობით და ძალით აღწევს მორწმუნე ერის ლოცვა-ვედრება ღვთის ტახტამდე. წმ. იოანე-ზოსიმე, საუკუნეების წინ ხედავდა და გრძნობდა ქართული ენის იდუმალ ძალას, სიკეთეს და სიცოცხლისუნარიანობას… რომლის გადარჩენის საიდუმლოც, დღეს დაფარულია და ამოუხსნელია ჩვენთვის, მაგრამ შინაგანად თითქოს ვგრძნობთ ამას ,, … და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა”… ენაში აქ ერი იგულისხმება… და მდაბალში და დაწუნებულში, ჩვენი ერის დამაშვრალობა და ტვირთმძიმობა… (გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები)… დიახ, მაშვრალნი ვართ ჩვენ განსაცდელებითაც და ღვაწლითაც, ტვირთმძიმენი კი ჩვენ… ჩვენი ცოდვებით ვართ…

ალბათ, შემთხვევითი არაა რომ დღევანდელი სახარების საკითხავიდან, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ კიდევ ერთხელ ცხრა ნეტარება შეგვახსენა და გვანუგეშა…
ჭეშმარიტად ცხრა ნეტარებას არის დამოწაფებული ჩვენი ერი, სულით გლახაკი და მგლოვიარე, მაძიებელი სიმართლისა და მშვიდობისა, ღვთის მოსავი და მოწყალე, დევნული და ყვედრებული… და ამავე დროს სიხარულისა და სიყვარულის მატარებელიც…
ვინ მოთვლის, რამდენი ჭირ-ვარამი აქვს გამოვლილი ჩვენს ერს…!? მაგრამ ღვთის იმედი არასდროს არ დაუკარგავს მას, ის ხსნას ყოველთვის ეკლესიაში და ღმერთთან პოულობდა…და ეს დღესაც ასეა…
ჩვენ არ შეგვიძლია უღმერთოდ არსებობა… და ამას ადასტურებს ჩვენი შეკრება და ერთობა აქ ამ უცხოობაში.

ეკლესია იყო, არის და იქნება ერის გამაერთიანებელი, შემამტკიცებელი და მაცოცხლებელი ძალა. ეკლესიის წიაღში ყველა ქართველი ქედმოდრეკილი დგას ღვთის წინაშე, აქ არ არსებობს კამათი, შფოთი და უთანხმოება, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა კამათში იბადება ჭეშმარიტება, არამედ დამდაბლებულ გულებში, მდუმარებაში და ერთურთის სიყვარულში იბადება ჭეშმარიტება… რა არის ეკლესიურობა? ეკლესიურობა არის როგორც გარეგანი ასევე შინაგანი ცხოვრების წესი… და მოითხოვს ჩვენგან გარკვეულ ღვაწლს. დღევანდელი სახარების შემდეგი საკითხავით ამას შეგვახსენებს უფალი, რომ ჩვენში დაბუდებული უგრძნობლობის, სიზარმაცის და ღვთის მცნებათა მიმართ დაუდევრად მოპყრობის სულს განდევნის ლოცვა და მარხვა – სიტყვა და საქმე. თუ ვინმეს ლოცვისა და მარხვისთვის საკმარისი რწმენა არა აქვს, აქვე გვასწავლის სახარებით უფალი, რწმენაში განმტკიცების საშუალებასაც: აღმოთქმას ,, ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”… … …

შეგვეწიოს უფალი უცხოებასა შინა მყოფთ… ამინ!
შეგვეწიოს უფალი მწირობასა შინა მყოფთ… ამინ!
და დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტისაგან ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა… ამინ!!!

„მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთაქ თანა“. ამინ!

ამინ!!!

ჩვენთან არს ღმერთი!!!
ქრისტესმიერი სიყვარულით, მღვდელ-მონაზონი იოანე.
ლოს-ანჟელესი, ფულერტონი, დიდმარხვის მე-4 კვირა, 29 მარტი, 2009წ.

Adventure, British Columbia, Canada, North America, Storie

Leave a Reply