EKLESIA

12 სექტემბერი, შაბათი

ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი მოლოდინია და ეს მოლოდინი არის იმედი და რწმენა ბედნიერი ცხოვრებისა, ბედნიერი მომავლისა...

ადამიანი ყოველთვის ეძიებს ბედნიერებას და ხანდახან თითქოს პოულობს კიდეც, მაგრამ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე რომ ფუყეა მისი მონაპოვარი, რომელსაც ის ასე მიელტვოდა და კლებულობს სიხარული. კაცობრიობის ისტორიაში მრავალნი გვთავაზობდნენ, თავიანთი შეხედულებისამებრ, ბედნიერი ცხოვრების წესებს და მათზე აგებულ ქვეყნირების მოწყობის უკეთეს მოდელებს, მაგრამ ისეთივე ამაო იყო მათი რჩევა და სწავლება, როგორებიც თავად ისინი იყვნენ ამაონი და წარმავალნი.

ამ ქვეყნად ჩვენ მოცემული გვაქვს დრო, ჩვენი გარემო, თავისუფალი ნება და მოქმედება. ყველას სურს რომ ბედნიერი იყოს და ბევრს ჰგონია, რომ თუ ჯერ ყოფიერ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს მას შემდეგ მოყვება ბედნიერებაც. მაგრამ ადამიანის ბედნიერების გარანტი არ არის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, ხილული კეთილდღეობა, რადგანაც ჩვენ სულიერნი ვართ. დავაკვირდეთ სამყაროს რა შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის არსებას, რომელშიც შერწყმულია ხილული და უხილავი, რომელშიც ღვთის სულია დავანებული... ადამიანი ეს უდიდესი საიდუმლოა... მაგრამ...


ბლეზ პასკალი ამბობდა: არა არის რა ამაზე უფრო ჭეშმარიტი, არც ამაზე მეტად საზარელი. რაგინდ მამაცურადაც უნდა გეჭიროს თავი, გაცნობიერება იმისა, რომ ეს - დასასრულია, რომელიც ელის ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერ სიცოცხლეს. საკმარისია დაუფიქრდეთ ამას, და ჩვენ იძულებულნი გავხდებით ვაღიაროთ, რომ ამქვეყნიური არსებობის სიკეთეს მხოლოდ მომავალი არსებობის იმედი განაპირობებს, რომ ადამიანები ბედნიერნი არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ, და რომ თუ უბედურება უცხოა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, ბედნიერება ასევე მიუწვდომელია მისთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი.


გახსოვთ ალბათ, სახარებიდან მაცხოვრის სიტყვები: „ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე. “... ანუ ძნელად შევლენო ცათა სასუფეველში მდიდარნი, რატომ? - იმიტომ რომ ძნელია შენი სიმდიდრე ყველას გაუყო, ძნელია იყო ყველას თანამგრძნობი და ჭირისუფალი, ან არა და რამდენი გაჭირვებულია დედამიწაზე ...?!


დიახ, ჩვენ ვერ ვიქნებით აქ სრულიად ბედნიერნი, სანამ ერთი გაჭირვებულიც კი დაიარება ამ ქვეყანაზე, სანამ თუნდაც ერთი გლახაკი დადის დედამიწაზე... ამიტომაც ჩვენ, ბედნიერება სულის ხსნაში უნდა ვეძებოთ, რომელიც აუცილებლად ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გზაზე გადის... ყველა მდიდარს უნდა ერიდებოდეს რომ მდიდარია და მოკრძალებული უნდა იყოს ყველა გაჭირვებულის მიმართ... რადგანაც ჩვენი ღმერთი - იესუ ქრისტე, ჯვარცმულია ამ სოფელში... რადგან სწორედ გლახაკზე და გაჭირვებულზეა ღვთის მოწყალე თვალი... თუ კარგად დავაკვირდებით ამ მსოფლიოს, მივხვდებით თუ რა იწვევს ამდენ ომებსა და დაპირისპირებებს... მატერიალურისკენ დაუოკებელი სწრაფვა .... მატერიალურისკენ დაუოკებელი სწრაფვა არის დედა ყოველგვარი შუღლისა, შურისა, ბრძოლებისა და ომებისა...


ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღე ვიმკით. დღე არ გავა რომ კაცობრიობის მიერ ჩადენილი რაიმე სამარცხვინო საქმე არ შეგვახსენოს... გუშინ ჩვენმა ეკლესიამ აღნიშნა წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე, ასევე გუშინ გულისტკივილით და სინანულის გრძნობით გავიხსენეთ სისასტიკის და კაცთმოძულეობის უკიდურესი გამოვლენა – ვგულისხმობ 11 სექტემბრის ნიუ-იორკში ჩადენილ საზარელ ტერაქტს, ასევე დღეს 12 სექტემბერს, ზუსტად 102 წლის წინ, წიწამურთან მოკლეს ილია...თვით ქართველებმა...


ასე რომ... ქრისტესმიერ საყვარელნო შვილნო, კვლავაც მოგიწოდებთ მაცხოვარი ჩვენი იესუ ქრისტე... გარდამეტებულად „ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თჳსისა. კმა არს დღისა მის სიბოროტე თჳსი.“ ... ანუ ზეციური სიხარული ვეძიოთ, ღვთიურ ბედნიერებაზე ვიფიქროთ და ვიზრუნოთ აქ... რომ ზეცის ღირსნი გავხდეთ...


ღმერთმა მოგვცეს უნარი ყოველივეს კეთილადგანმრჩეველობისა და სწორი არჩევანის გაკეთებისა ჩვენს ცხოვრებაში... და ვყოფილიყავით ბედნიერნი და გახარებულნი ორსავ სოფელსა შინა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე...


ამინ!!!


ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).

ლოს ანჟელესი, სილვერლეიკი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი