EKLESIA

აღდგომის ქადაგება

გლოცავთ და გაკურთხევთ სიხარულით ქრისტეს აღდგომაში სან ფრანცისკოსა და სრულიად კალიფორნიაში მცხოვრებნო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნო!!! დღეს საუკუნო სიცოცხლე - ქრისტე მაცხოვარი აღმოუბრწყინდა კაცობრიობას... მზის აღმოსავალითგან ვიდრე დასავალადმდე ხარობს სამყარო, რადგანაც იგია განმაახლებელი და ცხოველსმყოფელი მთელი ქმნილებისა... განღებულ არს კარიბჭე სამოთხისა და გალობენ ქვეყანისათანი ზეცისა თანა... გიხაროდეთ !!!და მხიარულ იყვენით!!! რამეთუ ქრისტე აღსდგა და გამობრწყინდა მარადიული სიცოცხლისა და მარადიული სიხარულის ჩირაღდანი!!! დღეს სან ფრანცისკოში, პირველად აღევლინა ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება.... დღეს წმ. ნინოს ჯვარი პირველად გამობრწყინდა სან ფრანცისკოს ოქროს კარიბჭეზე და საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დედობრივი მადლი მოეფინა აქ მცხოვრებ ქართველებსა და ყველას - ჩვენი ეკლესიის შვილებს....

თქვენ იცით, რომ უკვე ერთი წელია არ ჩამქრალა ლოცვა სან ფრანცისკოსა და ლოს ანჟელესში სრულიად კალიფორნიაში მცხოვრები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთათვის... და ვსაუბრობთ რა აღდგომის სიხარულზე, ძალუმად მოდის სიტყვა ჩვენი ეკლესიის მოწყობის საკითხებზეც. ამ ერთმა წელიწადმა დაგვანახა თუ როგორ მოწყურებულნი არიან ჩვენი თანამემამულენი ჩვენი დედა ეკლესიის მადლს, მოწყურებულნი არიან ერთობას, ე.ი. სიყვარულს ერთმანეთისა... ჩვენ ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ აქაც, დედა ეკლესიის გარეშე, ვიწვნიეთ დიდი სულიერი ტკივილიც განსაცდელში მყოფ საკუთარ სამშობლოზე... და დავდიოდით როგორც ობლები სხვადასხვა ეკლესიის კარზე, რათა მიგვეღო სულიერი ნუგეში... რა თქმა უნდა მართლმადიდებელი ეკლესია ერთია , მაგრამ როგორც ყველას თავისი დედა , თავისი კერა უყვარს მეტად, ისე ჩვენც ჩვენი სულიერი სამშობლოს წიაღი გვიყვარს ყველაზე მეტად ... ჩვენ ვერ გავგვიწევდა სხვა ეკლესიები დედობას აქ... და აი, დღეს ჩვენ ქართულად ვდიდებისმეტყველბთ უფალს უფლებათას... დღევანდელი მრევლის წევრები არიან როგორც სულიერი მისიონრები ამ მხარეში... ჩვენს ხელში ყალიბდება და ფუძნდება ,ამ ქვეყნიერების უკიდურეს დასავლეთში, 17 საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ეკლესია... ჩვენი წინაპრები, როცა უცხოეთში აარსებდნენ ეკლესიებსა თუ მონასტრებს, იყვნენ ქრისტეს ჭეშმარიტი მქადაგებელნი როგორც სიტყვით ისე საქმით, მათი მთავარი ფასეულობა კი იყო სიყვარული ღვთისა და მოყვასისა... ამის ერთერთი ბრწინვალე მაგალითია ანთიმოზ ივერიელი, რომელიც დღეს ითვლება რუმინეთის ეკლესიის ერთერთ მნათობად... მართლმადიდებლობა არ არის რომელიმე ერის საკუთარი რელიგია, ეს არის სიყვარულის სარწმუნოება, სადაც არ არის მიკერძოება... ჩვენ ვიცით რომ მრავალი საუკუნის მანძილეზე უდიდესი იმპერიები ქადაგებდნენ მართლმადიდებლობას... ზოგიერთი იმპერია უკვე აღარც არსებობს... მაგრამ მართლმადიდებლობა არის და იქნება ვიდრე ამ სოფლის აღსასრულადმდე... საქართველოში არასდროს არ უქდაგიათ მართლმადიდებლობა იძულებით ეს იყო სიყვარულის დასაწყისიც და გაგრძელებაც... და ასეა დღესაც... და დღეს როდესაც ვხედავთ ქართველ ადამიანს თუნდაც არაეკლესიურს ძალაუნებურად ‘ის’ სიყვარული გამოდის მისგან…


დღევანდელი სადღესასწაულო სახარებიდან კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ღვთის სულმა ჭეშმარიტება და ჩვენც კვლავაც დავამოწმეთ რომ იესუ ქრისტე არის არა მარტო ჭეშმარიტი ადამიანი არამედ არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა... ჯუარს ეცვა.. ივნო, და დაეფლა... როგორც კაცი... და აღდგა მესამესა დღესა... და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა...


ის არის... რომელი იყო... რომელი არის... და რომელი იქნება... მარად...


აღდგომის სასწაული არის მიუწვდომელი საიდუმლო - ღმერთი განკაცდა და კაცი განიღმრთო... ღმერთმა ჯვარზე სიკვდილი დაითმინა რომ ჩვენ უკვდავნი გავმხადარიყავით მასთან ერთად საუკუნო სიცოცხლეში... თუმცა მიუწვდომელი აღარც ითქმის რადგან ჩვენ ქრისტეთი აღდგომას შევწვდით. . . და ეს არის საკვირველი და უდიდესი საიდუმლო ... მაშ მოვედით ძმანნო და დანო ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ...


ქრისტე აღდგა!!!

ჭეშმარიტად!!!


ქრისტე აღდგა!!!

ჭეშმარიტად!!!


ქრისტე აღდგა!!!

ჭეშმარიტად!!!


ქრისტესმიერი სიყვარულით,მღვდელ-მონაზონი იოანე(კავსაძე).